IMG.GE IMG.GE

მედიასაშუალება „ტაბულა.ჯი“-ს მიერ 2020 წლის 28 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც თითქოსდა იუსტიციის სახლში შშმ პირ მარიამ მიქიაშვილის  მიმართ „ღირსებისშემლახავ პროცედურას“ აღწერდა და თითქოსდა „უსინათლო ქალს, რომელიც წერს, იუსტიციის სახლში უმტკიცებდნენ, რომ წერა არ იცის“ (იხ. ბმული: http://www.tabula.ge/ge/story/175690-usinatlo-qals-romelic-tsers-iusticiis-saxlshi-umtkicebdnen-rom-tsera-ar-icis).

იუსტიციის სახლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა და მათთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. სწორედ ამიტომ იუსტიციის სახლი შშმ პირებისთვის მუდმივად ცდილობს, მაქსიმალურად გაზარდოს ფილიალების და სერვისების ხელმისაწვდომობა, დონორ და მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად. აღნიშნული მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა და დღეს იუსტიციის სახლი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყველაზე ადაპტირებული საჯარო დაწესებულება საქართველოში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ  2020 წლის 28 ივლისს მომხმარებელმა მარიამ მიქიაშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად, იუსტიციის სახლს მიმართა ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრის ცვლილების თაობაზე. ქალბატონმა მარიამმა იუსტიციის სახლის ოპერატორს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე – უსინათლო პირი.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დადგენილი წესის თანახმად, ოპერატორმა მომხმარებელს აცნობა, რომ, 2018 წლის 3 დეკემბერს საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შეტანილი ცვლილების თანახმად, უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული და წერა-კითხვის არმცოდნე პირებს იუსტიციის სახლის გარკვეული სერვისის მისაღებად აღარ სჭირდებათ თანმხლები პირების დახმარება და მათ სერვისების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა მიეცათ, რაც შშმ პირების მრავალწლიანი მოთხოვნაც იყო. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის შინაარსისა და განხორციელების თავისებურებების შესახებ მომხმარებელს მიეწოდა დეტალური განმარტება და აეხსნა, რომ სერვისის დამოუკიდებლად მისაღებად მოხდებოდა მომსახურების პროცესის ვიდეოგადაღება. მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ დაიწყო მომსახურების პროცესი.

ყველა საჭირო პროცედურის შესრულების შემდგომ ქალბატონ მარიამ მიქიაშვილს საქმისწარმოებისთვის საჭირო დოკუმენტები – კრების ოქმი და გარიგების დამატებითი პირობები – გადაეცა მატერიალურად სახელის და გვარის დაფიქსირებისა და ხელმოწერის განხორციელების მიზნით.

ქალბატონმა მარიამმა განაცხადა, რომ ის ვერ შეძლებდა მითითებულ ადგილას კალმით სახელის და გვარის დაწერას. სწორედ ამიტომ მომხმარებელს განემარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მას შეეძლო, კანონით დადგენილი წესის თანახმად, როგორც ეს ხდებოდა ადრე, საქმისწარმოებაში სხვა პირი ჩაერთო. თუმცა, ქალბატონმა მარიამმა უარი განაცხადა სხვა პირის ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ მას დამოუკიდებლად შეეძლო სახელის და გვარის აკრეფა კომპიუტერის კლავიატურაზე, რის შემდეგაც უკვე კალმით მოაწერდა ხელს.

მომხმარებლის მოთხოვნის და ინტერესების გათვალისწინებით, მოქალაქის სურვილის შესაბამისად, დოკუმენტში სახელის და გვარის ჩაწერა განხორციელდა კლავიატურის გამოყენებით, ხოლო ხელმოწერა – კალმით.

მიმდინარე წლის 28 ივლისს შემოსული განცხადების განხილვა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ დაასრულა 29 ივლისს და სრულად დააკმაყოფილა მხარეთა მოთხოვნა.

სერვისის განხორციელების თანმიმდევრობა და ზემოხსენებული ფაქტები დადასტურებულია კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში მიეწოდება საზოგადოებას.

იუსტიციის სამინისტროს სისტემისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისების და მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოს შექმნა. წლიდან წლამდე იუსტიციის სამინისტროს სისტემა შშმ პირებისათვის საკუთარ სივრცესა და მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს და უკეთ ადაპტირებულს ხდის.

იუსტიციის სახლი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, ითანამშრომლონ მათთან და, სანამ რაიმე გადაუმოწმებელ ან ყალბ ინფორმაციას გაავრცელებენ, მით უფრო, როცა საქმე ეხება შშმ პირის უფლებებს, წინასწარ გაითხოვონ შესაბამისი ინფორმაცია და ფაქტები გასაშუქებელი საკითხის შესახებ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება