IMG.GE IMG.GE

„ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საქმეში, სადაც ამჟამად ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტისას.

კელი დეგნანმა აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად დაათვალიერა.

როგორც ამერიკის ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის დასრულების შემდეგ განახლებული აეროპორტი საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც მის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის. კელი დეგნანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია.

„დიზაინი არაჩვეულებრივია და აეროპორტი ულამაზესი იქნება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას მხარს დაუჭერს, რათა აეროპორტში გაიზარდოს იმ მაღალანაზღაურებად დასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც აუცილებელია აეროპორტის უმაღლეს დონეზე ფუნქციონირებისთვის. ქუთაისის აეროპორტი არამარტო ერთ-ერთი ულამაზესი, არამედ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია და მოთხოვნა. ეს იქნება მართლაც თვალსაჩინო აეროპორტი და მოუთმენლად ველით ქუთაისის განახლებული აეროპორტის გახსნას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი იგეგმება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტი – ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება