IMG.GE IMG.GE

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ამერიკელი კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილს უსაფუძვლო უწოდა.

მისი შეფასებით, წერილი ამერიკული კომპანია “ფრონტერას” მხარდამჭერი მესიჯბოქსის გაგრძელებაა და იქ მოყვანილი ფაქტები რეალობას არ შეესაბამება.

“ეს არის მორიგი უსაფუძვლო წერილი, რომელსაც ხელს აწერს კონგრესმენი მალინი. არც არის მისი მხრიდან გასაკვირი. წერილი არის “ფრონტერას“ მხარდამჭერი მესიჯბოქსის გაგრძელება მისი მხრიდან. ის, რომ წერილში ჩამოთვლილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს ეს გასაკვირი არ არის. ერთ-ერთი დეტალი, რაც არის მითითებული, რომ საქართველოში არ განხორციელებულა საარჩევნო რეფორმა, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ წერილი შინაარსობრივად აბსოლუტურად აცდენილია რეალობას,” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეგახსენებთ, ამერიკელი კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილი “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა.

წერილს ხელს აწერენ ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი. წერილში საუბარია საქართველოში დემოკრატიის კრიზისსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე. კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას სთხოვენ .

6 კონგრესმენის ავტორობით წერილი 27 ივლისით არის დათარიღებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ამერიკული ბიზნესის განდევნას ცდილობს, რაც კერძო სექტორში რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად კეთდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება