ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა გააღრმავოს

223
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა გააღრმავოს.

ოფიციალური პეკინი დიდი ხანია შიშობს, რომ ავღანეთი უიღურებისთვის სეპარატიზმის პლაცდარმად შეიძლება იქცეს, თუმცა გასულ თვეს, „თალიბანის“ მაღალი დონის დელეგაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა და დაჰპირდა, რომ ავღანეთი ჩინეთის საწინააღმდეგო ბაზად გამოყენებული არ იქნება. სანაცვლოდ, ჩინეთმა ეკონომიკური მხარდაჭერა და ინვესტიციები შესთავაზა.

„თალიბანმა“ ჩინეთთან კარგი ურთიერთობების განვითარების იმედი არაერთხელ გამოთქვა. ისინი მოუთმენლად ელიან ჩინეთის მონაწილეობას ავღანეთის აღმშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ მივესალმებით ამას. ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ბედი და მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება გააგრძელოს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჩინეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს ძალაუფლების შეუფერხებელი გადასვლა და შეასრულოს თავისი დაპირება ღია და ინკლუზიური ისლამური მთავრობის ჩამოყალიბებაზე და უზრუნველყოს ავღანელებისა და უცხოელი მოქალაქეების უსაფრთხოება.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება