თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ ავარჩიეთ ახალი სიმბოლო კოდალა, რომელიც არის ტვინის ბურღი, გვინდა, ყველას ტვინი გავუბურღოთ, რომ საქმეს მივხედოთ

210
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, მისი პარტია ყურადღებას ამახვილებს სწორედ კონკრეტულ ურბანულ პრობლემებზე.

ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია იქნება, თუ ხელისუფლება, ყველამ საქმე უნდა აკეთოს და ქვეყანას მიხედოს, რაც დღეს მთავარი პრობლემაა.

„როგორც ნახეთ, ჩვენ კამპანია დავიწყეთ ცოტა უცნაურად და ახირებულად. გვაქვს უცნაური ბანერები, სადაც გვიწერია ძალიან კონკრეტული ურბანული პრობლემები და გვინდა, რომ ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“, რომელიც სადღაც ლაჟვარდოვან ცაში დაფრინავს და ვარდისფერ რაღაცებს გვპირდება, ვითომ ყველაფერი კარგად არის, ისინიც მიწაზე დაეშვან და მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვერ ხვდება, რა არჩევნებია ეს. ვერ ხვდება, ეს რომ თვითმმართველობის არჩევნებია. ამიტომ ჩვენ ყველას ვაბრუნებთ და ვეუბნებით, რომ მტკვარი გასაწმენდია, მთაწმინდის ფერდი გადამხმარია, თბილისის ზღვა მიგდებულია და ასეთ ურბანულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. დღე-დღეზე გვექნება გუნდის პრეზენტაცია, იმ გუნდის, რომელთაგან ნაწილი იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში, ასევე ის გუნდი, რომელიც გვინდა, რომ შევიდეს თბილისის საკრებულოში და რომელმაც უნდა მიხედოს ქალაქს.

ჩვენ გვინდა ერთი რამ, და ახალი სიმბოლოც კი ავარჩიეთ, კოდალა, რომელიც არის ტვინის ბურღი. გვინდა, რომ ყველას ტვინი გავუბურღოთ. ტვინი გავუბურღოთ, რომ საქმეს მივხედოთ. მთელი 30 წელია, პოლიტიკაში ყველაფერს ვაკეთებთ საქმის გარდა და იმიტომაა ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც არის. ჩვენ გვინდა, რომ ყველა მოვატრიალოთ, ოპოზიცია იქნება, თუ ხელისუფლება, რომ საქმეს მივახედინოთ, საქმეს მივხედოთ და ქვეყანას, რაც მთავარი პრობლემაა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება