ეკატერინე ტიკარაძე – ვეცდებით, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში, საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო მზად არის

205
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

როგორც  ტიკარაძემ იმერეთში „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება.

„საველე ჰოსპიტალში გაიშლება 500-მდე საწოლი. საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღესდღეობით უკვე გამართულია ყველა ინვენტარი და მოწყობილობა, გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, რათა მოხდეს მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს და რაც კოვიდმართვის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ექიმებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, თუმცა დღესდღეობით პრაქტიკოს ექიმთა მეტ ნაწილს განათლება მიღებული აქვს იმ პერიოდში, როდესაც სამხედრო გადამზადება სავალდებულო იყო. შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება და მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იყოს უკიდურეს შემთხვევაში. მაქსიმალურად ვეცდებით, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება. აქედან გამომდინარე, საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო დღეს უკვე მზად არის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მაქსიმალურად ვეცდებით საქართველოს არც ერთ ქალაქში საველე ჰოსპიტლებში არც ერთი პაციენტის მომსახურება საჭირო არ გახდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება