ეკატერინე ტიკარაძე – დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტს მოემსახურება

155
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტს მოემსახურება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საწოლების უმეტესი ნაწილი ჟანგბადით აღჭურვილი იქნება. ადგილზე უკვე დამონტაჟებულია ორი ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც აღნიშნულ საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს.

მინისტრმა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართველი პრაქტიკოსი ექიმების ძირითად ნაწილს საველე პირობებში მუშაობის გამოცდილება მიღებული აქვთ.

„მათ აქვთ იმ პერიოდში მიღებული განათლება, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და შესაბამისად მათ აქვთ ამის გამოცდილება. მნიშვნლოვანი არის ისიც, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელთა თანამშრომლებსა და მოხალისეებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ამ კუთხით. შესაბამისად, გაერთიანებული ძალებით, პაციენტები მიიღებენ იმ მომსახურებას რომელიც მათ ესაჭიროებათ.

თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რათა საველე ჰოსპიტალი გამოყენებულ იქნას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, პაციენტებისა და ექიმების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ ექიმების, რომლებიც უკვე ძალიან დიდი ხანია ჩართულები არიან ამ პროცესში და მათი გადატვირთულობის ზღვარი არის მაღალი, სწორედ მათი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტალის გამოყენება. უბრალოდ ჩვენ განვახორციელეთ ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო დღეს უკვე მზად არის“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მაქსიმალურად შეეცდება, რომ საქართველოს არცერთ ქალაქში, საველე პირობებში პაციენტის მომსახურების საჭიროება არ დადგეს.

„48 საათის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორმა შეძლო მობილიზება გაეკეთებინა საკმაოდ რთული ინფრასტრუქტურის და დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც თბილისში, სხვა რეგიონებშიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ამის რესურსს გამოვნახავთ“, – განმარტა მინისტრმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება