თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს.
კალაძის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.
მისივე თქმით, 2022 წლის 20 ივნისს კახა კალაძემ მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელი “ტვ პირველს” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 24 აგვისტოს ჩაბარდა, შესაბამისად, მათ წერილობითი პასუხის წარმოსადგენად 3 დღე დარჩათ.
„სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და ახლა საქართველოს სასამართლომაც უნდა დაადგინოს.
გვაინტერესებს ის დოკუმენტაცია, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი მაია მამულაშვილი, კონკრეტული ფაქტი, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი “ჩაიდო ჯიბეში”. ეს განცხადება მიზნად ისახავდა მხოლოდ კალაძის დისკრედიტაციას და მოსახლეობაში რეპუტაციის შელახვას. ეს არის ტყუილი და ცილისწამება, თუ არ იქნება წარმოდგენილი ეს დოკუმენტაცია კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. ამ განცხადებით ადგილი აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, რადგან თანხების მითვისება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს”, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომავალში კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას სისტემური ხასიათი ჰქონდეს.
„ამას ექნება სისტემური ხასიათი, იურისტთა ჯგუფი მუშაობს და სადაც ვნახავთ, რომ იქნება მსგავსი განცხადება, გვექნება შესაბამისი რეაგირება”, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.
კლასიკური ნეო ფაშისტური ,,ბულინგი” რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა...