საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორშაბათსაც გაიმართება

116
წაკითხვა/ნახვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორშაბათსაც გაიმართება. პაპუაშვილმა ამის შესახებ დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ფაქტობრივად, მოხდა შეთანხმება და უკვე ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორიც არის ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად შეთანხმებული ვართ, რაღაც ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზეც ვფიქრობ, რომ ისეთი მოდელი შევიმუშავეთ, რომელზეც შეიძლება, საბოლოო ჯამში შევთანხმდეთ. ყველას სჭირდება გარკვეული დრო, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ და სხვა საკითხებიც დაისვა. ორშაბათს, როგორც შევთანხმდით, გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, საბოლოო რედაქციაში შევთანხმდებით.

ვფიქრობ, აუცილებლად შევთანხმდებით მოადგილის საკითხზეც. უპირველეს ყოვლისა, მთავარია ის, რომ მესამე შეხვედრა, რომელსაც ამ ფორმატში ვმართავთ პარტიები, მედიაციისა და სხვა ფორმატების გარეშე, არის ძალიან საქმიანი, ძალიან კონსტრუქციული. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ ნაყოფიერია ჩვენი მუშაობა და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შევთანხმდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები
მოწონება