დევი ტაბიძე – საველე ჰოსპიტლის ტიპის დაწესებულებებს ესაჭიროება შესაბამისი პროფესიონალები და არა ზოგადი პროფილის ექიმები, ესენი არიან სამხედრო ექიმები

320
წაკითხვა/ნახვა
mpn

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, საველე ჰოსპიტალი წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ე.წ. სამედიცინო მომსახურების დიდ ობიექტს, სადაც პრაქტიკულად ყველა ტიპის მომსახურებაა გათვალისწინებული.

დევი ტაბიძე ამბობს, რომ ამ ტიპის დაწესებულებებს შესაბამისი პროფესიონალები სჭირდება. დევი ტაბიძის განმარტებით, საუბარია სამხედრო ექიმებზე.

„საველე ჰოსპიტალი არის სამხედრო დანიშნულების ე.წ. სამედიცინო მომსახურების დიდი ობიექტი, რომელშიც გათვალისწინებულია პრაქტიკულად ყველა ტიპის მომსახურება დაწყებული ქირურგიული, მწვავე, გადაუდებელი, ემერჯენსი, ასევე გათვალისწინებულია ინფექციური პათოლოგიებისთვის. ინფექციური პათოლოგიებისთვის პანდემიების დროს არის უკიდურესი ზომა, როდესაც იტვირთება ჯანდაცვის ჰოსპიტლები. რეალურად, ყველაზე მთავარი არის, რომ ამ ტიპის დაწესებულებებს ესაჭიროება შესაბამისი პროფესიონალები და არა ზოგადი პროფილის ექიმები. ესენი არიან სამხედრო სამსახურის მონაწილეები, მათ სამხედრო ექიმები ჰქვიათ.

დღეს ასეთი პროფილის ექიმები ძალიან ძნელი მოსაძებნია, მაგრამ გადაუდებელი სიტუაციებისა და მართვისთვის არიან სპეციალურად გადამზადებული ექიმები. სხვანაირად საველე ჰოსპიტლის მართვა წარმოუდგენელია, რადგან შესაძლებელია მოხდეს შიდა ე.წ. ნოზოკომიური ინფექციის გავრცელება. მაგალითად, პირველი ტალღის დროს ჩინეთმა დიდი ანგარი ააშენა და გარკვეულ პერიოდში, 35 დღეში ეს ანგარი დაშალეს, რადგან ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რაც ესაჭიროებოდათ. საველე პირობებში, მაგალითად პატარა ბარაკული ტიპის სისტემებში შესაძლებელია აცრების ჩატარება, ე.წ. ემერჯენსული დახმარებები, მაგრამ პანდემიური დაავადებით დასნებოვნებული პაციენტების მიღება ცოტა სირთულეს წარმოადგენს. იძულება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომაა, როდესაც არ არის საწოლფონდი დამაკმაყოფილებელი. ამიტომ, იქნებ არ დაგვჭირდეს ასეთი ტიპის მომსახურება და თუ ყველა იქნება აცრილი, დაიცავს წესებს, მაშინ მივალთ იმ მოცემულობამდე, რომ ეს ყველაფერი კლებას დაიწყებს. კლების დასაწყისი ყველაზე მინიმუმ არის 3-4 კვირა. მე, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი, მანამდე არც ერთ ვარიანტში კლებას არ ველოდები. რეკომენდაციებიდან მთავარი, პრინციპში ერთადერთი არის ის, რომ ყველამ ატაროს ნიღაბი და მივაღწიოთ საზოგადოებაში ნიღბის ტარების სულ მცირე 85-90%-იან მაჩვენებელს. სამხედრო ექიმებთან მიმართებაში, მათ მობილიზებას მოახდენენ. თავდაცვის სამინისტრო არათუ უნდა ჩაერთოს, არამედ ვალდებულია, რომ მისმა სამედიცინო სამსახურმა მართოს ეს ყველაფერი და არამარტო ჯანდაცვამ აიღოს პასუხისმგებლობა“, – განუცხადა დევი ტაბიძემ საქართველოს პირველ არხს.

შეგახსენებთ, დიღმის ოლიმპიურ სოფელში, ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, სავალე ჰოსპიტალს პრევენციის მიზნით ამზადებენ. ამასთან, როგორც ცნობილია, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ხვალ გაკეთდება და მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 35 პაციენტი

კომენტარები
mpn
მოწონება