ირაკლი ღარიბაშვილი – ქართველებს, კარგად გვესმის მშვიდობის ფასი, რადგან სწორედ დღევანდელ დღეს დაიწყო აფხაზეთში ომი, ეს გვახსენებს ყველას, რაოდენ დიდი ტკივილი არის ჩვენთვის ომი და ნგრევა

156
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩვენ, ქართველებს, კარგად გვესმის მშვიდობის ფასი, ვინაიდან, სწორედ დღევანდელ დღეს დაიწყო აფხაზეთში ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატის, მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. „ამ სიტყვის ფასი, დღევანდელი დღისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ჩვენ გვახსოვს, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს დამკვიდრდა აღნიშნული გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ, ქართველებს, კარგად გვესმის მშვიდობის ფასი, ვინაიდან, სწორედ დღევანდელ დღეს დაიწყო აფხაზეთში ომი. ეს გვახსენებს ყველას, თუ რაოდენ დიდი ტკივილი არის ჩვენთვის, ყველასთვის, ომი და ნგრევა, რომელსაც მოაქვს გამოუსწორებელი შედეგები ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. 90-იანი წლები არის მწარე გაკვეთილი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. არც თუ ისე შორეულ წარსულში, სულ რაღაც 13 წლის წინ, აღნიშნული ტრაგედია, ასევე თავიდან ვერ ავიცილეთ, ვერ აიცილია წინა ხელისუფლებამ, რომლის შედეგადაც დაიკარგა დამატებით ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, დაიკარგა ისეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიებიც, როგორიც არის კოდორი, ახალგორი და 100-ზე მეტი სოფელი. ამ ყველაფრის თქმა, მე მიწევს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ოპონენტები ჯერ კიდევ უტიფრად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის საბოტაჟს და დესტრუქციას. ასეთი მძიმე მემკვიდრეობის შემქმნელებისგან ჯერ კიდევ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ამ დესტრუქციასთან გამკლავება და საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებენ მთელს ქვეყანას. ჩვენ ეს ვიხილეთ სულ რაღაც ევქსი თვის წინ, როდესაც მთელი ქვეყნის რეპუტაცია დააზიანეს მთელს მსოფლიოში, როდესაც გამოაცხადეს, ე.წ. ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანა შეჰყავდათ დამატებით კრიზისში, იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებდა და მძვინვარებს პანდემია. იმის მიუხედავად, ყველანი გავერთიანდეთ, გავაკეთოთ აქცენტი და კონცენტრირება მოვახდინოთ ძირითად რეალურ პრობლემებზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამის ნაცვლად, ჩვენს მოქალაქეებს უწევთ ისმინონ ყოველდღიურად გაუთავებელი პოლიტიკური ლანძღვა და ცილისწამებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაფერი ვერ შეგვაჩერებს, ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება