შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი მაშინ ჩაერთო, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს.
„ბოლომდე მისულები არიან, ახლაც მუშაობდა ტრაქტორი, გაჰყავს გზა, რომ წყალი ჩაიტანოს. კილომეტრ-ნახევრამდეა გაჭიმული სახანძრო მილები, ფიზიკურად მეტს ვერ აკეთებენ, მერე სკდება მილები. ვერტმფრენი ჩაერთო, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს. გუშინ ფიზიკურად ვერ იმუშავეს. ისეთი ქარი იყო, რომ ვერტმფრენები ვერ ფრინდებოდნენ. პირველი კერა 19 აგვისტოს გაჩნდა, შემდეგ ორი დღე-ღამე გავიდა. პირველ დღეს არ ჩათვალეს საჭიროდ, შემდეგ ქარი ამოვარდა, ქარმა გაავრცელა ცეცხლი. ის, რომ გაწერილია, ვერტმფრენი, ამ დღეს უნდა ჩაერთოს ან არ უნდა ჩაერთოს, ასეთი რაღაც არ არსებობს. მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიოში არ არსებობს. როცა ჩათვალეს საჭიროდ და გაუჭირდათ, ლოკალიზებას ვერ ახერხებდნენ, გამოიძახეს და ჩამოვიდა. კიდევ ვამბობ, რამდენიმე დასხმა მოასწრეს, თუმცა ისეთი ქარი იყო, დანარჩენი ვერტმფრენები ვეღარ წამოვიყვანეთ. დღესაც ქუთაისიდან ძლივს აფრინდა, ძლივს წამოვიდა მეოთხე ვერტმფრენი. ასე ნუ წარმოგვიდგენია, რომ ვერტმფრენი რომ მიფრინდება, დაასხამს წყალს და დამთავრდა ყველაფერი. მთავარი კერა წყლით მუშავდება, მაგრამ ხელით თუ არ იმუშავე, აზრი არ აქვს. გამოხვალ თუ არა, დაახლოებით ერთ საათში იგივე მოხდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების რაოდენობას, საკითხზე საუბრისას ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ხუთი სამაშველო ვერტმფრენი ჰყავთ, ოთხი დიდი და ერთი პატარა. მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს საშუალება, რომ 100 და 200 ვერტმფრენი ჰყავდეს.
„ჩვენ პირადად დაგვრჩა ხუთი სამაშველო ვერტმფრენი. ოთხი დიდი „მი-8“ ტიპის და ერთი პატარა. ერთი ვერტმფრენი დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს. ჩვენ რომ დიდი პარკი გვქონდეს, 100 და 200 ვერტმფრენი, ეს პრობლემაა, რადგან ამის საშუალება არ აქვს ჩვენს ქვეყანას, არ ვართ ასეთი მდიდრები. შენახვა სჭირდება. მეორეც, ერთი ვერტმფრენი რომ ჰყავდეს ცალკე ვინმეს, იმას იმხელა ხარჯი უნდა, რომ არარენტაბელურია, არასწორია, როდესაც შეიძლება, სასაზღვროს ვერტმფრენი ემსახურებოდეს, იგივე აღჭურვილობა აქვს, ჯალამბარია, იგივე აღჭურვილობაა, რაც უნდა ჰქონდეს სამაშველო ვერტმფრენს. სასაზღვროს ვერტმფრენი ერქმევა, სამაშველოს თუ კრიმპოლის, ამის აზრს ვერ ვხედავ. რატომღაც დაიხვია ოპოზიციამ, აი, არ უნდა ჰყავდეს? ჰყავს ერთი, ერთი ვერტმფრენი უშველის? არასწორია“, – აღნიშნა გომელაურმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
