ირაკლი ღარიბაშვილი – დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია! დღეს, დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობა ყველაზე დიდი ძალაა

184
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
დიდგორობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ძლიერების, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლო და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გასაოცარი სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დიდგორობაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხის საერთო, მიზანმიმართული, ყოველდღიური შრომა და ბრძოლა საქართველოს ძლიერების და ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისა და მშვიდობის წინაპირობაა.
„დღეს მთელი საქართველო საკუთარი ისტორიის უდიდეს თარიღს – დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს აღნიშნავს.
დიდგორობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ძლიერების, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოა. ამავე დროს ეს არის მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გასაოცარი სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითი.
დიდგორზე ქართულმა მხედრობამ შეუძლებელი შეძლო. შემთხვევითი არ არის, რომ ამ გამარჯვებას დავითის ისტორიკოსმა “ძლევაი საკვირველი” უწოდა.
ქართველობამ – ერმა და ბერმა, დიდი დავით აღმაშენებლის მეთაურობით ამ გამარჯვებას ერთიანობით, მიზანმიმართული შრომით, სიბრძნით და რა თქმა უნდა, სამშობლოსთვის თავგანწირვით მიაღწია.
დიდგორზე ბრწყინვალე გამარჯვების გარეშე არ იქნებოდა საქართველოს ოქროს ხანა – დავითისა და თამარის, რუსთველისა და ოპიზრების ეპოქა, იყალთოსა და გელათის აკადემიები, ქართული ეკონომიკისა და განათლების არნახული აღმავლობა – ყველაფერი ის, რითაც დღესაც არა მხოლოდ სამართლიანად ვამაყობთ, არამედ სამომავლოდაც ორიენტირებად ვისახავთ.
მე აქვე მინდა გავიხსენო ჩვენი პატრიარქის, უწმინდესის სიტყვები – დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია! დღეს, დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობა ყველაზე დიდი ძალაა. ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხის საერთო, მიზანმიმართული, ყოველდღიური შრომა და ბრძოლა საქართველოს ძლიერების, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის კეთილდღეობისა და მშვიდობის წინაპირობაა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დღეს ჩვენს ხალხს და გამთლიანებას, გაძლიერებასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი „- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით “დიდგორი 900” დაჯილდოვდნენ. ჯილდოები მათ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად გადასცა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დიდგორობა მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
“დიდგორობა 2021”, პანდემიიდან გამომდინარე, მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება