IMG.GE IMG.GE

ქვემო ფონიჭალაში მოზარდის დაღუპვის ფაქტზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ და დაუყონებლივ სჭირდებოდათ მაშველების დახმარება.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველების მისვლისას, ერთი მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი, მდინარის ჩქარი დინების გამო, გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვემო ფონიჭალაში მტკვარში ორ არასრულწლოვანს ეძებდნენ. მაშველებმა ერთი მოზარდის გადარჩენა შეძლეს, მეორე 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მას ადგილზე რეანიმაციული ღონისძიებები უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE