ილია დარჩიაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება

970X90

საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება და საქართველო გააგრძელებს აქტიურ სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დასკვნას ეხმაურება. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირის მიმართულებით სვლას განაგრძობს და დიალოგის ფარგლებში ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის დადებითი დინამიკა შეინიშნება. მისივე განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა და დასკვნაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრა.

„ევროკავშირთან ჩვენ ღია დიალოგი გვაქვს. ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ გამოწვევის გასმკლავებლად, რომელიც არსებობს. ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით დინამიური პროცესი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, ძალიან მჭირდო კოორდინაციით საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება და საქართველო გააგრძელებს აქტიურ სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალაა. „მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს“, – ნათქვამია ანგარიშში, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და, კანონის უზენაესობის კუთხით, უკუსვლა შეინიშნებოდა.

970X90
გაზიარება