IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად სწორედ შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ის სასტუმროები კი, რომელთაც გახსნის ნებართვა ოფიციალურად მიიღეს, უკვე აქტიურად იჯავშნება.

შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მუზეუმების გახსნის შესახებ. სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და მათ დღის განმავლობაში მიეწოდებათ.

გაზრდილი მობილობისა და შიდა ტურიზმის გახსნის პირობებში რისკების ეფექტური მართვის მიზნით, გრძელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დადგენილი სტანდარტების შესრულების მკაცრი კონტროლი, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებულია კანონით განსაზღვრული ჯარიმები.

ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

ამ ეტაპზე, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 731 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება