

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის ,,ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ გამარჯვებული 12 სტუდენტი გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კულტურის სამინისტრო ახალგაზრდებს უტოვებს თავისუფლებას, თავად გაამჟღავნონ ან არ გაამჟღავნონ თავიანთი პირადი მონაცემები, რომლებიც, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებზე გაიცემა კანონით დადგენილი წესით.
დღეს გამოცხადებული შედეგების მიხედვით, დაფინანსებულია შემდეგი პროექტები:
1. „საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსება“ (ფორტეპიანო), ჟენევის კონსერვატორია;
2. „სადირიჟორო ოსტატობის დაუფლება და სწავლის გაგრძელება მიუნჰენში”, მიუნჰენის მუსიკისა და დრამის უმაღლესი სკოლა;
3. „სწავლა კიოლნის მუსიკისა და ცეკვის უნივერსიტეტში“ (ფლეიტა);
4. „უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსება“ (საგუნდო-საორკესტრო მიმართულება), ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტი;
5. „საშემსრულებლო ხელოვნება დაუფლება“ (კლარნეტი), ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია ;
6. „საბაკალავრო პროგრამა აუგსბურგის ლეოპოლდ-მოცარტის სახელობის მუსიკალურ ცენტრში” (ჰობოი);
7. სამაგისტრო პროგრამაზე საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსება (ჩელო), ჰელსინკის სიბელიუსის აკადემია;
8. „ბაკალავრის საფეხურზე სწავლის დაფინანსება“ (ალტი), ჰელსინკის სიბელიუსის აკადემია;
9. სწავლის დაფინანსება ლაიფციგის ფ. მენდელსონის სახელობის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტში” (სადირიჟორო მიმართულება);
10. ბაკალავრის მეორე მოდულის პროგრამაზე დაფინანსება (ფლეიტა), ოსლოს მუსიკის აკადემია;
11. „საშემსრულებლო ხელოვნების დაუფლება“ (ალტი), ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია;
12. „უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსება“ (მიმართულება – საგუნდო დირიჟორი), ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ჯამური ბიუჯეტი თავდაპირველად შეადგენდა 200 000 ლარს, თუმცა განმცხადებლების სიმრავლისა და კონკურსის დებულებით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, სამინისტრომ შეძლო კონკურსის ბიუჯეტის 30 000 ლარით გაზრდა. კონკურსის მონაწილე 37 ახალგაზრდიდან, კულტურის სამინისტრომ 12 კონკურსანტს უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლაში ხელშეწყობა დაუფინანსა გერმანიის, შვეიცარიის, ფინეთის, ნორვეგიის, ბელგიის და ავსტრიის სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
2021 წელს იდენტური კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 185 000 ლარს და მის ფარგლებში დაფინანსდა 22 ახალგაზრდა. აქედან, 9 ახალგაზრდას სწავლაში სხვადასხვა ტიპის ხელშეწყობა დაუფინანსდა საქართველოს, ხოლო 13 კონკურსანტს – აშშ-ის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, ავსტრიის სახელოვნებო -საგანმანათლებლო სასწავლებლებში.
