გვინდა, მოქალაქეებს ყოველთვის ახსოვდეთ, რა შეიძლება, ამ ქვეყანაში მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების დამხობა მოხდება ამ ავაზაკების მიერ. რა თქმა უნდა, 3 ივლისის აქცია მათი ორგანიზებულია და ამ აქციის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა – კონსტრუქციული თანამშრომლობის და ერთმანეთის მოსმენის. ბოლოსდაბოლოს, ეს უნარები უნდა გამოვამჟღავნოთ, თუ გვინდა, ნორმალურ საზოგადოებას დავემსგავსოთ, იმ საზოგადოებას, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, ერთმანეთს მოუსმინონ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის ნაწილი თანამშრომლობაზე წავა.
„ჩემი გამოცდილების ადამიანი ამას არ უნდა ამბობდეს, მაგრამ მეტ-ნაკლებად, მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პოზიციას შეიცვლის და თანამშრომლობაზე წამოვა. მინდა, ეს მოლოდინი არ გამიქარწყლდეს, ბოლოსდაბოლოს, ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ, გავიაროთ ამ ბეწვის ხიდზე და ავცდეთ ომსა და უბედურებას“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.