

სტუდენტურმა თვითმმართველობებმა ევროპული მომავლისთვის პეტიცია შეიმუშავეს და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
როგორც სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი იზიარებენ საქართველოს ევროპულ და ევრო-ტლანტიკურ კურსს. მათი განცხადებით, მისასალმებელია, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭება.
ასევე, განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ამ გზაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სტუდენტების როლი.
კრიტიკულად აუცილებელია, რომ რეკომენდაციების შესრულების გზაზე ქვეყანაში არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ თანატოლებს, არ გახდნენ იარაღი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელში, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ისტორიულ მომავალს.
,,ჩვენ, საქართველოში მოქმედი საჯარო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობები, ვიზიარებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ვავრცელებთ ერთობლივ პეტიციას ამ ისტორიული კურსის მხარდასაჭერად. მისასალმებელია, რომ 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიენიჭა. ამით, საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო აუცილებლად მოიპოვებს ევროკავშირის წევრობას, ხოლო მანამდე, მოკლე ვადებში, მიიღებს კანდიდატის დამსახურებულ სტატუსსაც.
ამ გზაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენი, სტუდენტების როლი. კრიტიკულად აუცილებელია, რომ რეკომენდაციების შესრულების გზაზე ქვეყანაში არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება, ძალადობა ან რაიმე სხვა ტიპის პროვოკაცია. ეს მტრული ძალებისთვის საჩუქარი, ხოლო ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის – დიდი დარტყმა იქნება. ჩვენ, სტუდენტები ვიზიარებთ საქართველოს ევროპულ კურსს და ვმონაწილეობთ მის განმტკიცებაში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს თანატოლებს, არ გახდნენ იარაღი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელში. რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ისტორიულ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს, ჭეშმარიტად ევროპული ფასეულობების გარშემო გაერთიანების დროა. სტუდენტებისა და ახალგაზრდების როლი და ამოცანა დეპოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის პირველი კურსის შესრულება, პოლიტიკური კლასის შერიგება და თანხმობის ხელშეწყობა უნდა იყოს და არა დაპირისპირების გაღვივება. გვჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რითაც თაობების საუკუნოვანი ნატვრა ახდება,’’ – აღნიშნულია სტუდენტურ პეტიციაში.
პეტიციას ხელს აწერენ შემდეგი უნივერსიტეტების თვითმმართველობები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ალტე (ALTE) უნივერსიტეტი.
