IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანთან, ოლგა ალგაეროვასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობის საკითხებს.

ლევან დავითაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა შეხვედრაზე გარემოსდაცვითი შეფასების კანონმდებლობის შემუშავებისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებებით UNECE-ის მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით UNECE-თან სამომავლო თანამშრომლობაზე.
მინისტრმა ოლგა ალგაეროვას ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და ნარჩენების მართვის სფეროში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

ოლგა ალგაეროვამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში გარემოსდაცვით სფეროში არსებული პროგრესი და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მხრიდან სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრა.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანმა, ოლგა ალგაეროვამ აპრილში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის დაგეგმილ მინისტერიალზე, სადაც კომისიის წევრი სახელმწიფოები ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ, მინისტრი პირადად მიიწვია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება