IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორის მოადგილემ, სულხან აბესაძემ განუცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სულხან აბესაძე ამბობს, დაპირისპირება პაციენტის ოჯახის წევრების მიმართ დაცვის თანამშრომლის მითითებას მოჰყვა, რომელიც შინაგანა წესის დაცვას უკავშირდებოდა. როგორც დირექტორის მოადგილე ამბობს, დაცვის თანამშრომელს ამ წუთებშიც უტარდება ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმედ ფასდება.

„პაციენტის პატრონებსა და ჩვენი დაცვის თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. სავარაუდოდ ეს უკავშირდებოდა მითითებას, რომელიც უკავშირდებოდა შინაგანა წესის დაცვას. სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც ჩვენი დაცვის თანამშრომელი დაიჭრა. მყისიერად მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენი დაცვის თანამშრომელი ეგრევე ავიყვანეთ საოპერაციოში და ახლაც მიმდინარეობს ოპერაცია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება, როგორც მძიმე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დამნაშავეები დაკავებულები არიან. რა საგნით იყო ჭრილობა მიყენებული, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა ეს იყო ბასრი საგანი და არ ყოფილა ცეცხლსასროლი იარაღი“, – განაცხადა სულხან აბესაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება