

ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილს ისინი უანგაროდ ემსახურებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ავრცელებს და ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, რომელშიც ის ამბობს, რომ აღარ აქვთ ფინანსური რესურსი, რომ გადაიხადონ საადვოკატო მომსახურებაში.
“გუშინ საღამოდან მოყოლებული, არაერთი ადამიანისგან მივიღე კითხვა, მინიშნება, წუხილი იმის შესახებ, პრეზიდენტის დაცვა მძიმე ფინანსურ ტვირთად ხომ არ ვაქციეთ.
ყოველგვარი სპეკულაციის გამოსარიცხად, საჯაროდ განვმარტავ:
მე და ჩემი მეგობრები (ბექა ბასილაია და დაიმიტრი საძაგლიშვილი) მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს, მრავალი წელია, ვიცავთ მის წინააღმდეგ წარმოებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეს პატივია, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ქართული სახელმწიფოს მოდერნიზაციის ავტორისა და თანამედროვე საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის ადვოკატირება პიროვნული და პროფესიული ღირსების საქმედ მიგვაჩნია.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ არცერთ ეტაპზე, ჩვენ, არასდროს, არავითარი ჰონორარი არ მიგვიღია. ეს საკითხი არც არასდროს ყოფილა დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეების გამო, ჩვენი მომსახურების მიღებისგან არაერთმა პირმა თავი შეიკავა.
ეს ჩვენი არჩევანია.
ბუნებრივია, სრულიად გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ინტერესების დაცვა კომპლექსური, მრავალშრიანი პროცესია და მასში არა მხოლოდ ჩვენ, არამედ არაერთი სხვა ადამიანი, მათ შორის, იურიდიული განათლების მქონე პირია ჩართული. სავარაუდოდ, ინტერვიუს ეს ნაწილი მათ ეხებოდა. ჩვენ კი, იგივე გულმოდგინებითა და რწმენით, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას.”– წერს შოთა თუთბერიძე.
