ენმ-ში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება და პარტიის თავმჯდომარეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე.
კაპანაძე პარტიის თავმჯდომარესა და მხარდამჭერებს შორის ხიდჩატეხილობაზე საუბრობს და ნიკა მელიას პოსტის დატოვებისა და ახალი პარტიის შექმნისაკენ მოუწოდებს.
„ხომ ხედავ რომ შენ სხვა მხარეს ხარ და პარტიის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი სხვა მხარეს?
ხომ გესმის რომ შენ მიმართ, მხარდამჭერთა და პარტიის წევრთა საჯარო პრეტენზიები (მათ შორის შენივე წარდგენილი მდივნებისა თუ ახალი სახეების მხრიდან), არათუ ცხრება, არამედ, იზრდება?
ხომ გრძნობ რომ შენსა და პარტიის წევრთა შორის ხიდჩატეხილობა ღრმავდება?
ეს პროცესი შეიძლება ახლა ვიღაცამ ათას სისულელეს დაუკავშიროს და შეთქმულების თეორია ჩამოაყალიბოს, მაგრამ ამით არც არაფერი შეიცვლება, რადგან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა უდიდესი უმრავლესობისათვის, ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და მათთვის მიუღებელია შენს მიერ წახალისებული ანტიმიშა პოლიტიკა და კიდევ ბევრი სხვა რამ.
ამიტომ, შენი პირადი პოლიტიკური კაპიტალის სრულად რეალიზაციისთვის, ჩემი აზრით, ორი საუკეთესო გამოსავალი არსებობს…
1. გადადექი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, რადგან სჯობს ასე მოიქცე, ვიდრე გაშვებული დაგერქვას.
2. გააკეთე ახალი პარტია და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს შენი რეიტინგიც და ხალხის მხარდაჭერაც – მცირე იქნება ის თუ მასშტაბური.
ან მიიღე მონაწილეობა პრაიმერისში და მოიპოვე ამომრჩევლის ნდობა, რომელიც ჩემი აზრით, არსებული უკმაყოფილების გათვალისწინებით, უკვე აღარ გაქვს, რადგან გაფლანგე,“- წერს გიორგი კაპანაძე.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მელიას მიერ თანამდებობის დატოვება პარტიის ჩამონგრევას გამოიწვევს, კაპანაძე მოსაზრების ავტორებს შეახსენებს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი უჭერს მხარს, ენმ-ს არაფერი ემუქრება.
„მათ, ვინც ამბობს რომ თუ შენ გადადგები, ამით ქვეყანა და პარტია დაინგრევა, შევახსენებ: ჯერ ერთი, ოცნებაც იმავეს ამბობს, თუ მე ხელისუფლებაში არ ვიქნები, ქვეყანა დაიღუპებაო, მაგრამ კი ვიცით, როგორი სიმართლეცაა ეს და ვხვდებით რომ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება მსგავსი ზღაპარი.
მეორეც: 2017 წელს, ამ პარტიიდან ერთი კი არა, ლიდერთა მთელი ჯარი წავიდა, მაგრამ ენმ არ დაშლილა და არც გამქრალა – კვლავ შეინარჩუნა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი.
მესამეც: აგერ, ახლახან, პარტიასთან უთანხმოების გამო, მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, ბორის ჯონსონი გადადგა, მაგრამ არც მის პარტიას შეჰქმნია საფრთხე. არც ენმ-ს შეექმნება, იქამდე, ვიდრე მას მხარს დაუჭერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ასე რომ, ყურადღებით მოუსმინე შენს ირგვლივ შემორჩენილ ორიოდე ჭკვიან ადამიანს და მიხვდები რომ დღეს, პირადად შენთვის, სწორედ ეს არის ყველაზე ადეკვატური, სამართლიანი და ცივილიზებული გამოსავალი, რომელმაც სხვათა შორის, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საერთო ოპოზიციური ფრონტი და შენი პოლიტიკური კაპიტალი.
ნუ იტყვი უარს ცვლილებებზე. ნუ იტყვი უარს კრიზისის დაძლევაზე. ნუ დაუშვებ კიდევ ერთ შეცდომას. ნუ გამოეკიდები სკამის სიკეთეს…
მიზანი საერთო გვაქვს და ეს ივანიშვილის ოლიგარქიის დამარცხებაა, თუმცა მიზნის მისაღწევად, ჯერ უნდა გავძლიერდეთ, რაც დღევანდელი მდგომარეობით და არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით, სამწუხაროდ, ვერ მოხდება. წარმატებები ჩვენს ქვეყანას,“- წერს გიორგი კაპანაძე.
ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება, უკანასკნელ დღეების განმავლობაში, განხილვის მთავარ თემად რჩება, პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალურმა მოძრობამ“ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.