პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განაცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დასწრებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.
მისივე თქმით, მართალია, პარტია და ფრაქცია დატოვეს, თუმცა თავიდანვე განაცხადეს, რომ ღირებულებითი სხვაობა არ არსებობდა. როგორც ხუნდაძე ამბობს, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერისგან შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდება.
„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ჩვენს დასწრებაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟი ატყდა. უმრავლესობა ერთპარტიულ ვერტიკალს არ ნიშნავს, ეს არის სიითი უმრავლესობა, სადაც ძირითად საკითხზე ერთი პოზიციაა დაფიქსირებული. ჩვენ პარტია და ფრაქცია დავტოვეთ და ვთქვით, რომ ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა არ იყო, იყო მხოლოდ უთანხმოება იმაზე, რა დოზით უნდა გვეთქვა ხალხისთვის სიმართლე. ჩვენ რომ ამაში უხერხულობას ვგრძნობდეთ, რამენაირად იმას მოვახერხებდით, რომ ჩვენი იქ ჰყოფნის ამსახველი ფოტომასალა არ გასულიყო. ეს საკითხი არ დაგვიყენებია, რადგან უმრავლესობის წევრები ვართ. ამიტომ, აქ არავითარი მიუღებლობა არ არის. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერისგან შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდება, ეს არის მდაბიოობა და აპოლიტიკური ურთიერთობა. ეს ადამიანურ დამოკიდებულებებსაც სცდება. არგუმენტები არ აქვთ და თავდასხმაზე გადადიან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.