„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი ომბუდსმენის შერჩევასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება და უზრუნველყოფს, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს.
„1-ელ სექტემბრამდე, შესაბამის გეგმას დავდებთ, როგორ წარმოგვიდგენია ამ პროცესის მართვა და ამას არ გავაკეთებთ ისე, რომ ჩვენი ოპონენტების აზრი არ მოვისმინოთ“, – აცხადებს მდინარაძე.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი, შერჩევის წესთან დაკავშირებით, ოპოზიციური სპექტრის აზრს დღეს მოისმენს.
„ხვალამდე, ჩვენ არაფერს არ ვიტყვით, არცერთ წინადადებას, იმასთან დაკავშირებით, თუ რას დავაპირებთ, რადგან გადაწყვეტილებამდე მისულებიც არ ვართ. დღეს ჩვენ, შერჩევის წესთან დაკავშირებით, ოპოზიციური სპექტრის აზრი უნდა მოვისმინოთ. ხვალ შევხვდებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ამის შემდეგ ვიტყვით საბოლოო გადაწყვეტილებას. ყველა შემთხვევაში, ერთი ზოგადი პასუხის გაცემა შემიძლია: ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და უზრუნველვყოფთ, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს და შარის მოდების საშუალებაც არავის ჰქონდეს, რომ მმართველმა გუნდმა რაიმე დააკლო ამ პუნქტის შესრულებას. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ საბოტაჟი გამოუცხადოს ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას, ისევე, როგორც – მთლიანად პროცესს, ესეც საზოგადოებისთვის, მათ შორის, ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის, ნათელი იქნება, ცნობილი გახდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.