„ჩვენი გუნდის წევრებმა უკვე შესთავაზეს „ისფედს“, გამიჯვნოდა მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. მათ ეს რამდენიმე დღის განმავლობაში არ გააკეთეს, რითაც ნათლად ჩანს მათი გამოხატული პოლიტიკური მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა. ამის შემდეგ, გამორიცხულია „სამართლიანი არჩევნები” რომელიმე სამუშაო პროცესში ჩაერთოს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადება, რომლის მიხედვითაც, USAID-მა იცოდა პარალელურ დათვლაში ცდომილებაზე, თუმცა, ე.წ. პოლიტიკურ კრიზისზე მოდერაციას საელჩო აწარმოებდა.
„საზოგადოებას თავად ელენე ნიჟარაძემ, რომელიც მაშინ „ისფედის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო, უთხრა, რომ ნოემბრის ბოლოსთვის USAID-ი უკვე ინფორმირებული იყო „პივიტის“ ცდომილებასთან დაკავშირებით. ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ორგანიზაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა თავად გაავრცელა. აქედან გამომდინარე, ეჭვებიც აღარ არსებობს. სამწუხარო ისაა, რომ ამ დროის განმავლობაში წარმოებდა მოდერაცია ე.წ. პოლიტიკური კრიზისის გარშემო. ეს მოდერაცია წარმოებდა საელჩოს მოდერაციით და სამწუხაროა, რომ თუ უკვე იცოდა, და ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ იცოდა საელჩომ ცდომილების შესახებ, ასეთ დროს, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ჩვენ იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო მიზანმიმართული გაყალბება. ბავშვები უნდა ვიყოთ, რომ სხვა რამის გვჯეროდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
19 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საელჩო „ისფედს“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოიხსენიებს. საელჩოს პოზიციის თანახმად, ამ ორგანიზაციის „საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას“.