ალბათობა იმისა, რომ Credit Suisse-ში მიმდინარე პროცესები ნამდვილად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის საკითხს, საკმაოდ მაღალია, თუმცა არ გამოვრიცხოთ ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში გამოყენებული პრაქტიკა Credit Suisse-ის მიერ, არამედ ზოგადად თავიანთი კლიენტების მიმართ, რომელთა მიმართებაში თვითონ აქვთ დანაშაული ჩადენილი, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„შესაბამისად, ეს პრაქტიკა და მიდგომა ამ ბანკის მხრიდან მიუღებელია, აფუჭებს მისსავე რეპუტაციას და აზიანებს მას. შესაბამისად, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ Credit Suisse-მა მიიღო მენეჯმენტის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჭარაიამ.
„ფორბს.გეს“ ინფორმაციით, ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, იცვლება აღმასრულებელი დირექტორი, 1-ლი ოქტომბრიდან კი, ბანკს ახალი ფინანსური ოფიცერი ეყოლება. გარდა ამისა, იცვლება ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. „შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგაცრუებულ ფინანსურ შედეგებთან და საერთაშორისო სკანდალებისა თუ სასამართლო დავების ფონზე, Credit Suisse-ის რეპუტაციის შებღალვასთან“, – ვკითხულობთ „ფორბს.გეს“ სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბანკმა თავისი არსებობის ისტორიაში მილიარდობით ზარალი ნახა.
Credit Suisse-ი სწორედ ის ბანკია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივი დავა მოუგო.